პარ. სექ 25th, 2020

ბოლოწლებში გახშირებული გადაუღებელი წვიმების გამო რიონმა შეიცვალა მიმართულება და სოფელ სირაჩქონის ბოლოს დამბა თითქმის წაიღო. კიდევ ერთი წყალუხვი წვიმების სეზონი და შეუბრალებელი რიონი, ალბათ, სოფელში დარჩენილ გლეხებსაც წალეკავს.

გლეხები შეშინებულნი არიან. რიონზე ბორანით გადავედით. სირიაჩქონისკენ მივდივართ. ეს არის სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში, ზემო ჭალადიდთან, რიონს გაღმა. გასული საუკუნის 30-იან წლებში სირიაჩქონში 200 კომლი ცხოვრობდა. დღეს სოფელი გარესამყაროს საერთოდ მოწყვეტილია. დატვირთული ორი ცხენშებმული ურმით სწორედ მათკენ მივემართებით.
სოფლის ბოლომდე 8კმ-ია. რიონმა გზაც წაიღო და მალე სოფლამდე არსებულ კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკის მონაკვეთსაც წაიყოლებს. ირგვლივ ყველაფერი დატბორილია. ფესვიანად მოგლეჯილი ხეები მდინარის უკვე დამბადაშლილ კალაპოტებზე ყრია. ამ ტყეში ტურა ყოველთვის ბინადრობდა. ბოლო დროს კი აქ მგლებიც მომრავლდნენ. ისინი სოფელში შედიან და პირუტყვს ანადგურებენ.
სირიაჩქონზე ამ სოფლის მკვიდრს აკაკი თოფურიას წიგნიც აქვს დაწერილი სახელწოდებით – „იყო ასეთი სოფელი“. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, სოფელს სირიელების ხომალდი მოადგა და წინ ვეღარ წავიდა. „ჩქონი“ ნარიონალ, ქვიშნარ ნაპირს ეწოდება ახლაც. სოფლის სახელწოდებაც ამ ტოპონიმიკიდან მოდის.
სოფელში სამი მეურნეობა არსებობდა. იყო სკოლაც. ხალხი მუშაობდა. დღეს ყველაფერი მოშლილია. ვინც სოფელს შემორჩა, 8 კმ გზის ურმით გავლა უწევთ რიონის ბორნამდე, რათა ქალაქში ჩააღწიონ. „გზა“ ხმამაღლა არის ნათქვამი. სინამდვილეში ეს ხეებში გაჭრილი დატბორილი სავალია, სადაც ურემიც ძლივს მიჭრიალებს.
როგორც იქნა, მივუახლოვდით სოფლის ბოლოს პირველ ფიცრულ სახლს, რომელსაც დამბადაზიანებული რიონი ესაზღვრება. სირიაჩქონში ყველას ფიცრული სახლები უდგას. ეზოებიც ხის სარებით აქვთ შემოღობილი.
„ეს პირველი სახლი ჩემია. 45 წელია, აქ ვცხოვრობ. ერთ დღეში წაიღო წყალმა დამბა. ღამე არ მძინავს. სულ გამოვდივარ და დავხედავ ხოლმე. სულ მესმის ამ წყლის ხმა. არ მინდა აქედან წასვლა, მაგრამ რა ვქნა?! წყალს ხომ არ დავახრჩობინებ თავს ამ სიბერეში?!“ – შემოგვჩივლა გული დანელიამ.
„ჩვენ ქართველი პაპუასები ვართ. ხომ ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ?! ორი შვილი მყავს. აქ არც სკოლაა და არც არაფერი. 8 კმ ურმით სად ვატარო ბავშვები? თქვენც ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა? წყალი რომ გადმოდის კალაპოტიდან, მერე ახალ გზასაც ჩვენ ვჭრით და დაზიანებულ ელექტრობოძებსაც ჩვენ ვამაგრებთ. წყალი გადმოვა თუ არა, ეგრევე შუქი ქრება. ვინ გვაქცევს ყურადღებას? რომ იყვნენ და დაათვალიერეს, რა გააკეთეს? მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით. რამდენჯერ დავწერეთ განცხადება. მივმართეთ თხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას. იყო კომისიაც. მოვიდნენ, ნახეს, მაგრამ რა შეიცვალა? „შუქი ყველა სოფელს“, „გაზი ყველა სოფელსო“ ამბობენ. გაზი კი არა, შუქი ძლივს გვაქვს და მალე წყალი დაგვახრჩობს. კიდევ ერთი ძლიერი წვიმა უნდა და დავიხრჩობით. დასატირებლადაც ვერ გვიპოვიან“, – ამბობს თანასოფლელების სატკივარს ლია ფაჩულია.
„მაგარი წვიმები რომ იყო, ვმორიგეობდით. ღამე არ გვეძინა. გასაჩერებელი ადგილი არ არის აქ. გზა არ არის და არაფერი. სანამდე უნდა ვიცხოვროთ ასე შიშის ქვეშ?! აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და გვენანება. არავის არ უნდა აქედან წასვლა, მაგრამ რა ვქნათ? თუ წყალი ვერ შეაკავეს და დამბა არ გაკეთდა, მაშინ გადაგვასახლონ სადმე ისევ ამ თემში, რომ შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება. უპატრონოდ რომ ვართ მიგდებული“, – თავის სატკივარს გვიზიარებს ვალერი ცხვიტარია.
სირიაჩქონში ამჟამად სულ 23 მოსახლეა. სოფლის ბოლოს ახალსოფლის უბანში – ყველაზე საშიშ და სავალალო ზონაში, 9 კომლია. დამბა ჩაშლილია. კარგ ამინდში რიონი დაბალია. წვიმების დროს კი, როგორც მოსახლეობა ამბობს, 3 მეტრამდე დიდდება და არის საშიშროება, გახეთქილი დამბიდან ცუნამივით გადმოვიდეს.
„ფაქტობრივად, სოფელი იშლება და ისტორიაც იკარგება. როგორც იცით, სოფლის თავში არის ეროვნული ტყე-პარკი. როცა ტყეს ეროვნული ტყე-პარკის სტატუსი მიეცემა, ამან სოფლის განვითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ მოხდა პირიქით. ტყე-პარკს არავითარი ყურადღება არ ექცევა. ერთადერთი, ხეების მოჭრაა აკრძალული, მაგრამ ამ დროს ხეები რიონს მიაქვს და განმკითხავი არც ტყე-პარკის ხელმძღვანელობაა. ბავშვობიდან მახსოვს აქაურობა და გული მტკივა. საკრებულოშიც დავაყენეთ ეს საკითხი და გამგეობასაც მივმართეთ არაერთხელ . პარლამენტშიც გავაგზავნით წერილს. იმედია, მიიღებს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამის ზომებს, თუ ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება ამ პრობლემის მოგვარებას. დროებით გადაგვასახლონ ზემო ჭალადიდში, სადაც გვაქვს ცარიელი ქუჩები. ცოტა ხანშიც ხალხს სოფელში ვერ დავამაგრებთ. მინდა, რომ სოფლის ბირთვი შენარჩუნდეს და ეს ხალხი ისევ ამ თემში დარჩეს. წელსაც რამე ზომები თუ არ მივიღეს, რიონი წაგვლეკავს“ – გვითხრა სოფლის შეშინებულმა მოსახლეობამ.
როგორც გამგეობაში გვითხრეს ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია სახსრები, რაც საჭიროა ამ გამაგრებითი სამუშაოებისთვის. –„ სერიოზული საპროექტო სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება“ – ასეთია პასუხი გამგეობის წარმომადგენლების. ვნახოთ, ცენტრალური ხელისუფლება რა ზომებს მიიღებს. ჩვენც თვალს მივადევნებთ ამ საკითხის მოგვარებას და თუ საჭირო იქნა, ისევ გავივლით 16 კილომეტრს ურმით.

Comments are closed.