ორშ. სექ 28th, 2020

ფოთში სარსანიას ქუჩა #7 და #9 მდებარე ხუთსართულიანი სახლების მობინადრეები უკიდურესად შეწუხებულები არიან ეზოში და სახლების სარდაფში არსებული სიტუაციით.

სარდაფი გამუდმებით ივსება ფეკალური მასით, რომელსაც ემატება დაღვრილი სასმელი წყალი და პირდაპირ ეზოში მოედინება. მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ეზოში ვერ უშვებს პატარებს. შეუძლებელია კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სუფთად გავლა, ყველგან ფეკალნარევი მასითაა გაჟღენთილი ეზო. ადგილობრივები ცდილობენ საკუთარი ძალებით მოაგვარონ ეს პრობლემა და ხშირად აყრიან სილას დაბინძურებულ ადგილებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ იგივე სურათია.

როგორც მაცხოვრებლებმა გვითხრეს, უკვე თვეზე მეტია იძახებენ საბინაო სამსახურის თანამშრომლებს და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხერხდა სარდაფების ამოწმენდა. საბინაო სამსახური განმარტავს, რომ ასეთი სამუშაოების ჩასატარებლად მათ მხოლოდ ორი მანქანა ჰყავთ და ვერ ახერხებენ სრულყოფილი და დროული მომსახურება გაუწიონ მთელი ქალაქის მოსახლეობას, რადგან მთელ ქალაქში ანალოგიური სიტუაციაა და საკანალიზაციო სისტემები ყველგან გასაკეთებელია. სარსანიას #7_ში მცხოვრები ნინო კაკულია კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. მისი თქმით, წლებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დადის, მაგრამ ვერაფერს მიაღწია:

„ჩვენი ძალებით რაღაცას ვცდილობთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. რამდენჯერმე ვიყავი საბინაოშიც და მერიაშიც. მოვლენ ამოტუმბავენ და ორ კვირაში ისევ იგივე მეორდება. პირველ სართულზე ვცხოვრობ და ფანჯარას საერთოდ ვერ ვაღებ, ისეთი საშინელი სუნია. შეუძლებელია განიავება. სადღაა სუფთა ჰაერი? სულ სამი საკანალიზაციო ჭაა ჩვენს ეზოში, კი წმენდენ, მაგრამ კვლავ ივსება. გაჩხერილიაო –იძახიან და ვერ წმინდავენ ბოლომდე. სარდაფში მილები გატეხილია, შიგნით ვერავინ შედის, იქიდან რომ ამოტუმბოს.მეუბნებიან, რომ მანქანა არ ყოფნით, თან ეს მანქანაც მოძველებულია და ვერ ტუმბავს სათანადოდ. ხშირად ვხდები ცუდად, ჰაერი არ მყოფნის. ამას ემატება დამპალი თევზის სუნი და გაუსაძლისია სუნთქვა, თითქოს სხვა პრობლემა არ გვქონდეს, ამას ეს საშინელი სუნიც ემატება. აღარ ვიცხოვროთ? ფეკალში ვიხრჩობით, მოგვაცილეთ ფეკალი. ნუთუ ეს ახალ მთავრობას არ უნდა აწუხებდეს?”.

ნინო კაკულიას სხვა მაცხოვრებლებიც ეთანხმებიან და არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ: „კი ტუმბავენ სარდაფებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ ივსება. ეზო საშინლადაა დაბინძურებული, ანტისანიტარიაა, მაწანწალა ძაღლებითაა სავსე აქაურობა. არაფერი კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ზაფხულში ასეთი ანტისანიტარია მრავალი დაავადების აფეთქების საფრთხეს შეიცავს.”

ამ კორპუსებს სხვა პრობლემაც აწუხებს – არ არის შეღებილი სადარბაზოები, ფასადები. წინა ხელისუფლებამ სარეცხის გასაფენი თოკებიც კი ჩამოახსნევინა მობინადრეებს, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ. აქამდე არც გზა მოდის, სარსანიას ქუჩა #7 და #9 კორპუსებში მაცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, იქაურობა ნამდვილად არ ჰგავს ქალაქს, რადგან მიტოვებული და მივიწყებულია ყველასგან.

Comments are closed.