„მთავარი თემა სამეგრელოში“ მედიამონიტორინგის შედეგად ობიექტურ და მიუკერძოებელ გაზეთად დასახელდა

Photo-0023

რეგიონული გაზეთი „მთავარი თემა სამეგრელოში“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში
გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგად ობიექტურ და მიუკერძოებელ გაზეთად დასახელდა.გთავაზობთ უცვლელად მონიტორინგის დასკვნას:

,,მონიტორინგის პერიოდში გაზეთში „მთავარი თემა სამეგრელოში“ არ შეინიშნებოდა დადებით ან უარყოფით განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. გამოცემაში ძირითადად რეგიონში მიმდინარე მოვლენები შუქდებოდა.
ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა. 10 გაზეთში „მთავარი თემა სამეგრელოში“ ყველაზე აქტიურად ადგილობრივი მთავრობისა (40%) და „ქართული ოცნების“ (36%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში გაზეთს აქტიურად არ გაუშუქებია ფოთის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები. გაზეთში აქტიურად შუქდებოდა სოციალური საკითხები და რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში ჟურნალისტები ცდილობდნენ გაშუქებული საკითხის შესახებ მკითხველისთვის გაეცნოთ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები (მაგალითად, სტატიაში „სენაკი არჩევნებიდან არჩევნებამდე“, 19-26 ივნისი, გვ. 3-4).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაზეთი „მთავარი თემა სამეგრელოში“ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გაზეთში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები“.

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია მედიამონიტორინგის შედეგები 19 ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით.

მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები: არც ერთ რეგიონულ გამოცემაში არ გვხვდება ისეთი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, როგორიც გასული წლების მონიტორინგის პერიოდებში სისტემატურად გვხვდებოდა თბილისში გამოცემულ არაერთ გაზეთში; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ ძალებს აშუქებს ობიექტურად და მიუკერძოებლად; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს რეგიონში არსებულ სოციალურ პრობლემებს და ცდილობს აღნიშნულ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების მოპოვებას; რეგიონული გამოცემების დიდი უმრავლესობა აქტიურად აშუქებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ 3 ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე შეუსრულებელი სამუშაოების კრიტიკულ შეფასებებს; რეგიონულ გამოცემებში გვხვდება ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებებს და ეკითხებიან თუ რამდენად შესრულდა აღნიშნული დაპირებები; რეგიონულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება ცალკეულ სტატიებში. რეგიონში არსებული პრობლემების გაშუქებისას რესპონდენტებად ხშირად არიან წარმოდგენილნი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა; რეგიონულ პრესაში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიმართ; რეგიონული გამოცემების უმეტესობა თანაბარ ფართობს უთმობს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო საქმიანობის გაშუქებას; მხოლოდ ორ რეგიონულ გამოცემაში („ბორჯომი“ და „სვანეთი“) შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი განწყობა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ; მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა რეგიონულ გამოცემაში სათანადოდ იყო გამიჯნული სარეკლამო სტატიები სარედაქციო მასალებისგან; სარეკლამო მასალების არასათანადო მითითება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გაზეთში „რეზონანსი“; დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები გამოვლინდა გაზეთში „კვირის პალიტრა“; პრაქტიკულად ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმის დარღვევის შემთხვევები გვხვდება „ასავალ-დასავალის“ ყველა ნომერში.

წინამდებარე ანგარიში მომზადებული და გამოცემულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად დაუშვებელია.


კომენტარები სტატიაზე