ხობის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სამი საათი მიმდინარეობს

20171003_125838

ხობის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის სწავლის პროცესი სამი საათი მიმდინარეობს. ამის შესახებ თავად აღსაზრდელების

მშობლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია. ამ სიახლემ მშობლებს და მასწავლებლებს პრობლემები შეუქმნა. კონკრეტულად ხობის საბავშვო ბაღებიდან სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებიც ,,მზაობის” ჯგუფში არიან, 3 საათიანი მეცადინეობის დამთავრების შემდეგ, 13 საათზე, მშობელს სახლში მიყავს. სამი შვილის დედა, რომელსაც ორი შვილი ბაღში ყავს და ერთი სკოლაში, მთელი დღის გატარება გზაში უწევს. პროექტის ამ სახით განხორციელებამ პრობლემა შეუქმნა არა მარტო მრავალშვილიან მშობლებს, არამედ ბაღის პედაგოგ აღმზრდელებსაც, რადგან ამ ფაქტის გამო ხელფასები საგრძნობლად შეუმცირდათ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ვეწვიეთ ხობის საბავშვო ბაღების გაერთიანებას. ხობის საბავშვო ბაღებში სულ 1149 აღსაზრდელი ყავთ, აქედან 331 ბავშვი არის სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში. ხობის მუნიციპალიტეტში 23 საბავშვო ბაღია.

გაერთიანების უფროსის ელისო კვიკვინიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მან მოვლენებს გაუსწრო და გაგვიმხილა, რომ არჩევნების შემდეგ სხვა გაერთიანებებიც შეუერთდებიან.

,,კანონში ბაღების შესახებ წერია, რომ მზაობის პროექტის ხანგრძლივობა 3 საათია, მშობლებს ყველაფერი ავუხსენით და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, ხობის გარდა ბაღში 3 საათიანი მეცადინეობა სენაკის ბაღების გაერთიანებამაც განახორციელა. ახალი კანონი ძალაში 2017 წლის პირველ აპრილს უნდა შესულიყო, მაგრამ გადაიდო. ამიტომ ეტაპობრივად დავიწყეთ გადასვლა, ხობის საკრებულომ 29 სექტემბრის სხდომაზე საკვალიფიკაციო აქტები მიიღო. ამის საფუძველზე ჩვენ ეტაპობრივად ვემზადებით კანონის ასამოქმედებლად. კანონის თანახმად სწავლების ხანგძლივობა განისაზღვრება სამი საათით, ჩვენ დავუმატეთ ნახევარი საათი ერთჯერადი კვებით. სანამ ეს პროექტი შევიდოდა ძალაში სამჯერადი კვება გვქონდა, ძილის რეჟიმით უზრუნველყოფილნი იყვნენ ბავშვები, მაგრამ სასწავლო პილოტირება, მზაობის პროგრამის სახით დაიწყო და ჩვენც დავნერგეთ ეს პროექტი. ვიცით რომ მშობლები უარყობითად არიან განწყობილნი, არასასწავლო მიმართულებით არამედ ჯგუფების, ასაკობრივი დაყოფის გამო”.

კვიკვინიას მიერ მოყვანილ კანონში ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” # 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში კი ვკითხულობთ: `სასწავლო სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობა 9 საათია, სამჯერადი კვებით. ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტით — სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა 3 საათია. კანონში სხვა არაფერია ნათქვამი ხობში მიმდინარე ინიციატივის შესახებ.

ჩვენ ვიმყოფებოდით ხობის #1 ბაღში, რომელსაც კაპიტალური რემონტი ახალი სასწავლო წლის დადგომამდე ჩაუტარდა. ბაღი სრულად ადაპტირებულია ახალ კანონთან. ასევე მზაობის ჯგუფს ყავს ცალკე პედაგოგი, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოფლის ბაღებში, სადაც შერეული ჯგუფი ყავთ და მზაობის ჯგუფსაც და დანარჩენ აღსაზრდელებს ერთი პედაგოგი ყავთ. შემცირდა ძიძის და დამლაგებლის შტატიც, თითქმის გაუნახევრდათ ხელფასი ბაღის პედაგოგებს.

msnews.ge გაესაუბრა ხობის რამდენიმე სოფლის საბავშო ბაღის აღსაზრდელის მშობელს. მზაობის პროგრამისადმი მოწონება არც ერთ მშობელს არ დაუმალავს, მაგრამ ყველა მათგანისათვის მძიმეა ის პროცესი. თუმცა, არცერთმა მათგანმა თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ნინო, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი: ,,საბავშვო ბაღები შექმნილია როგორც ბავშვების განვითარებისათვის, ასევე მშობლის ხელშეწყობის მიზნით. ბავშვის განვითარების კუთხით ხელშეწყობა კარგია მაგრამ მშობლის ხელშეწყობას სად ვხედავ? უფროსი სკოლაში დადის, ორი ბაღში, აქედან ერთი მზაობის ჯგუფში. მთელი დღე მიწევს ქუჩაში სიარული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვიდგება, პირადად მანქანა არ მყავს და მიწევს დილით ბავშვები წავიყვანო, სამ საათში ერთი წამოვიყვანო, ცოტა ხანში ისევ წავიდე, ბავშვი მეუღლესთან ან მეზობელთან დავტოვო და კვლავ ბაღში გავიქცე”.

სოფიკო: ,,მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ, ამიტომ ჩემს ხანდაზმულ დედამთილს უწევს ბაღში სიარული, უმცროსი კი სამსახურის შემდეგ მე მომყავს. პროგრამა კარგია მაგრამ რატომღაც მარტო ჩვენი რაიონისათვის აქვს ცუდი მხარე. მე წავიკითხე კანონი ბაღების შესახებ. მეეჭვება, რომ მოხდა კანონის მორგება, რადგან იქ წერია რომ მზაობის პროგრამას უნდა დაეთმოს 3 საათი და არა ბაღი დამთავრდეს სამი საათის შემდეგ. კანონი ყველასათვის ერთნაირად უნდა კანონობდეს”.

ნუგზარი: ,,მე კანონებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ გთხოვთ თქვენ დაგვეხმაროთ. თუ ეს კანონით არის გაწერილი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს. გამაგებინოს ვინმემ რატომ კითხულობს ამ კანონს სხვადასხვა ინტერპრეტაციით სხვადასხვა ბაღები? უფრო სწორედ ჩვენი გაერთიანება და დანარჩენი გაერთიანებები? აქ ალბათ ფინანსური საკითხია, პედაგოგებს შეუმცირდათ ხელფასები, სოფლის ბაღებში მოხსნეს ძიძა და დამლაგებელი და ვინ დამაჯერებს, რომ ეს კანონი ბიუჯეტს არ მოარგეს?”

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხობის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე ლალი ჩიტაია როგორც ამბობს საკითხით დაინტერესდა და ხელმძღვანელობისგან იგივე პასუხები მიიღო. ჩიტაიას განმარტებით:

,,როგორც კი გავიგე ამ ინიციატივის შესახებ შევხდი გაერთიანების ხელმძღვანელს და ვესაუბრე კანონის არასწორად აღქმის შესახებ.”

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების იურისტი გრიგოლ ბაკურაძე აღნიშნულ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. მისი განმარტებით:

,,კანონში გარკვევით წერია, რომ აღსაზრდელი ბაღში უნდა იმყოფებოდეს 9 საათი, უნდა იკვებებოდეს სამჯერ და აქედან მზაობის პროგრამა უნდა ხორციელდებოდეს 3 საათით და არა ისე, როგორც ამას ხობის გაერთიანება ახორციელებს. აქ ადგილი აქვს კანონის თვითნებურ აღქმას”.

ელისო კვიკვინიას კი თავისი არგუმენტები მოყავს- ისინი მონაწილეობას ღებულობდნენ კანონის მიღების პროცესში. გაიარეს ტრენინგებიც. ,,როდესაც ბაღები ჩამოყალიბდება «აიპად» მას ექნება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გაახანგძლივოს სასკოლო მზაობის ჯგუფი”.

მშობლების ვარაუდი, თითქოს აღნიშნული ინიციატივა ბიუჯეტის შემცირების გამო მოხდა კვიკვინიამ კატეგორიულად უარყო.

,,არ ვთვლით, რომ ვიჩქარეთ, პირიქით ბავშვბი ეჩვევიან ამ სიტუაციას, ვინც ამ პროგრამას გადის ისინი გამორჩეულები არიან დაწყებით კლასებში, მე დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროგრამამ გაამართლა. ამიტომ არ არის ცუდი მიმართულება. მთავარია, მშობელმა ზუსტად გაიგოს და მიხვდეს პროგრამის ავკარგიანობას. სანამ დაიწყებოდა ბაღი მათ ქონდათ ინფორმაცია, რომ სასწავლო პროცესი 3 საათი იქნებოდა. მაშინ, პრეტენზია არავის გამოუთქვამს. როგორც ვიცით ყველა რეფორმას დასაწყისში ახლავს სირთულეები, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ ოდესმე?”.

სააღმზედელო დაწესებულების უფროსი დარწმუნებულია, რომ ყველა მუნიციპალიტეტის გაერთიანების უფროსი, არჩევნების შემდეგ 3 საათიან რეჟიმზე გადავა.

,,სანამ დავიწყებდი რეფორმის განხორციელებას, დავუკავშირდი ყველა მუნიციპალიტეტის გაერთიანებას, შევთავაზე და გავაცანი ჩემი ნაბიჯები. ჩემი შეხედულებით ვფიქრობ, რომ ყველა არჩევნების დამთავრებას ელოდება და შემდეგ განახორციელებენ ამ პროგრამას”.

კვიკვინიას განმარტებით, საპილოტო პროგრამას უკვე სამი წელია რაც ანხორციელებენ. მისი აზრით, ბავშვი რომელიც ეჩვევა ამ სასწავლო პროცეს, არ გაუჭირდება სკოლასთან შეგუება. ის მიჩვეული იქნება რომ დღის პირველი ნაწილი სკოლას და სწავლას უნდა დაუთმოს, მეორე ნაწილი კი ოჯახში მშობლების გარემოცვაში გაატაროს.


კომენტარები სტატიაზე