ოთხ. სექ 30th, 2020

სოციალური დახმარების შეფასების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ჩვენი გაზეთი არაერთხელ წერდა. ამ ხარვეზების მიზეზით მრავალი ადამიანი დარჩა

უკანასკნელი დახმარების იმედის გარეშე. ზოიძეების ხუთსულიანი ოჯახი მეზობლებისა და ნათესავების იმედად არიან. გარსევან ზოიძის ოჯახისათვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი ძმის მანქანა გახდა. ზოიძის ძმამ მანქანა შეიძინა, მაგრამ მართვის მოწმობა მის ოჯახში არავის ქონდა, ამიტომ მანქანა დროებით გარსევან ზოიძეზე გააფორმეს.

გარსევან ზოიძის მეუღლის ვენერა ქირიას თქმით:

,,არ ვიცოდით ამ ფაქტის გამო დახმარებას თუ მოგვიხსნიდნენ, მანქანა ხომ ჩვენი არ იყო, ერთ თვეში პატრონმა კი გადაიფორმა, მაგრამ ჩვენ დავრჩით დახმარების გარეშე”.

თავდაპირველად ზოიძეების ოჯახი 12 მ2 ხის ფიცრულში ცხოვრობდა, რომელიც ძმამ აუშენა, შემდეგ ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით კიდევ ორი ოთახი მოუმატეს. ხელახალ შემოწმებაზე გასული წლის ნოემბერშიც იყვნენ:

„არაფერი მაქვს სახლში, ,,კორფუჯის” ტელევიზორი მაქვს და მაცივარი. ჩემი ძმა მოხელეა და მან აბანო გამიკეთა. თავდაპირველად 22 ქულა მქონდა, შემდეგ ცოტა მომემატა, 1 ლარს 1 თეთრი რომ დააკლდეს, ისე დამაკლეს ქულები. მაშინ, დიდი ბრძოლისა და დარეჯან ცხვიტარიას დახმარებით აღმიდგინეს დახმარება. ავადმყოფი ქალი ვარ და წამლის გარეშე ვერ გავივლი ფეხზე. მარტო საჭმელზე რომ იყოს საქმე, არაფერს ვიტყვი. მეზობლები და ნათესავები მომაწვდიან”. მიწა, სადაც ზოიძეებმა სახლი ააგეს, ახალ რაიონში, საყანე მიწა იყო, რომელიც ტორფის ქარხნის საკუთრება გახლდათ. როგორც ვენერა ქირია ამბობს, მოტყუვდნენ, რადგან მიწის გადაფორმებას დაპირდნენ და შემდეგ არ გაუფორმეს. საქმე სასამართლომდეც კი მივიდა:

,,ადგილობრივი მთავრობა დაგვპირდა, რომ მიწას გაგვიფორმებდნენ, მაგრამ მოგვატყუეს, სასამართლოშიც ვიჩივლე, მაგრამ ვერაფერს გავხვდი, ადრე ქირით ვცხოვრობდით, მერე აქ ავაგეთ ფიცრული, ათი წელი 12 მ2 ვცხოვრობდით ოთხი სული, ჩემი ბიჭი ჯარში წავიდა და იქ ისე ცემეს, ფსიქიატრიულში მოხვდა. მერე მეორე სართულიდანაც გადმოვარდა, გოგო სამჯერ ნაავარიევია, ერთი შვილი ყავს, ჩემთან იზრდება, ჩემს მეუღლეს მეორე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაცია დასჭირდა. ჩემი პრობლემები ეკა ბესელიასაც მივწერე, რეაგირება რომ არ მოყვა, მივაკითხე ბესელიას ოფისში, მითხრეს – შენი წერილი დაიწვაო. მთელი ცხოვრება მერიის წინ ვდგავარ, დავიღალე უკვე”.

ზოიძებს არც ძმის მანქანა ყავთ, არც ჯამრთელობა, არც სახლი აქვთ საკუთრებაში, არც სამუშაო და პენსიის ანაბარა ცხოვრობს ოთხი ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი მცირეწლოვან ბავშთან ერთად. ეს არის იმ უამრავ ადამიანთა შორის ერთ-ერთი, ვინც ახალი სოციალური დახმარების ქულების დათვლის მეთოდის მსხვერპლი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ფოთის სამსახურში კომენტარს არ იძლევიან.