პარ. ოქტ 23rd, 2020

დღეს ფოთში მალთაყვის სპორტულ კომპლექსში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.
აქციის მიზეზი ელექტოენერგიის გათიშვა გახდა, მათ რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

სპორტულ კომპლექსში მცხოვრები 25 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ გაუსაძლის მდგომარეობას ელექტროენერგიის 1 500 ლარიანი დავალიანებაც დაემატა. სოციალურად დაუცველების განმარტებით დავალიანება მათ გახარჯულ ელექტროენერგიაზე ბევრად მეტია. აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით სპორტულ კომპლექსში მცხოვრებლები ერთი მრიცხველით სარგებლობენ და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას და აღნიშნული პრობლემის გარდა საცხოვრებელ სახლში დაბინძურებულ წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ, თუმცა მათთან მხოლოდ მერის მოადგილე ლევან ჩოჩია მივიდა და მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ნაციონალური მოძაობის წევრების დანახვაზე აქციას „მართული” უწოდა.
საპროტესტო აქცია პოლიციელების ძალის გამოყენებით მალევე დაიშალა. სოციალურად დაუცველები მოთხოვნის დროულად დაუკმაყოფილების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
ნანუკა ქაჯაია, ფოთი