ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ჩაიშალა. როგორც გავარკვიეთ ტენდერში
მონაწილეობის მიღების სურვილი არავინ გამოთქვა. ტენდერის ჩაშლის შედეგად კი დღეს ფოთში არ არსებობს კომპანია ან კერძო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ტერიტორიიდან, სავარაუდოდ 635 მოხეტიალე და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას. შესაბამისად, თავისუფლად დადიან ეზოებსა და სკვერებში მაწანწალა ძაღლები. ქუჩაში მოხეტიალე ძაღლების სიმრავლემ მოსახლეობის პრეტენზია გამოიწვია.

ფოთის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის უფროსის ნანა გიგინეიშვილის განმარტებით: ,,ტენდერის ჩაშლა ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მუდმივი კონტროლის გამო მოხდა, თავს იკავებს ყველა ამ თემის გარშემო პასუხისმგებლობის აღებისგან. ცხოველთა დამცველები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში, რათა დაცული იყოს ძაღლების უფლებები და მაქსიმალურად იყოს შექმნილი ნორმალური პირობები მათთვის”.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების იზოლაციას ტენდერში გამარჯვებული ოზურგეთელი მეწარმე გიორგი მაღლაფერიძე ახორციელებდა. თუმცა, შეფერხებით. რის მიზეზადაც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაციის” მხრიდან ძაღლების დაკავების აკრძალვა სახელდებოდა.

არასამთავრობოები ითხოვდნენ აპრობირებული მეთოდით ცხოველებზე კონტროლს. ცხოველთა არაკანონიერად იზოლაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“-მ წერილითაც კი მიმართა ფოთის მერს, სადაც განმარტავდა, რომ მაღლაფერიძე არ ახორციელებდა იზოლირებული ცხოველების გადაყვანას არანაირ თავშესაფარში, მეტიც — იგი ცხოველთა მასობრივ განადგურებას ახორციელებდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის თანახმად დასჯადი გახლდათ და მოითხოვდნენ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუნიციპალიტეტს ცხოველთა განადგურების დაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიმართავდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე რეაგირების მიღების მოთხოვნით.