შაბ. სექ 26th, 2020

ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ყოფილ ვენდისპანსერის შენობაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 5 ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს.
შენობა დანგრევის პირასაა, კედლები დამპალია, ფანჯრებს პოლიეთილენის პარკები აქვს გაკრული. დაზიანებული ჭერიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

სოციალურად დაუცველ, მარტოხელა სამი შვილის დედის მაკა გურულის შემოსავლის წყაროს მხოლოდ სოციალური დახმარება წარმოადგენს:

“ორი წლის წინ აქ შემოგვასახლეს, რადგან სხვა საცხოვრებელი არ მქონდა. ჩემი მწირი შემოსავალი საჭმლის შესაძენად და კომუნალურ გადასახადებზე ძლივს გვყოფნის. დახმარებისთვის არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას – ვითხოვ, მომცენ თავშესაფარი. ამ შენობაში ცხოვრება გაუსაძლისი და საშიშია, რადგან შენობის უკანა მხარე მოწყვეტილია. ზამთარში შეშას ვერ ვყიდულობ ბავშვების გასათბობად და ვარ ასე უიმედოდ. ცოტა ხნის წინ პოლიცია მოვიდა შენობის მეპატრონის მოთხოვნით და ხელწერილები დაგვაწერინეს – შენობა დანგრევის პირასაა და რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებელი არ იქნებიან”.

სხვა მაცხოვრებლებსაც იგივე პრობლემები აქვთ და როგორც გავარკვიეთ მათ პრობლემას ისიც ემატება, რომ შენობა კერძო საკუთრებაა. როგორც ამბობენ, მეპატრონეები ხშირად აკითხავდნენ და სთხოვდნენ შენობის დაცლას, დახმარებისთვის არაერთხელ მისულან მერიაშიც საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თხოვნით, დაწერილი აქვთ ხელწერილები და ქალაქის მერსაც შეხვდნენ. როგორც გვითხრეს ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიასა და მეპატრონეებს შორის იმაზე, რომ რაიმე ფართის გამოჩენამდე ეს ოჯახები ამ შენობაში დარჩნენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჩვენ შევეცადეთ მეპატრონეებს დავკავშირებოდით, მაგრამ უშედეგოდ.