ორშ. სექ 28th, 2020

2013 წელს მთავრობის მიერ ქალაქ ფოთისთვის გათვალისწინებული ტრანსფერით წინა წლიდან გადმოყოლილი ორი პროექტი – ქალაქის მთავარი ქუჩისა და სტადიონის მშენებლობა – დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა და დღემდე გაურკვეველია,როდის დასრულდება.

თვითმმართველობა ელოდება მორიგ წერილზე პასუხს შესყიდვების სააგენტოდან, საიდანაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა რამდენიმე ხნის წინ უკვე მიიღეს გაფრთხილება. თვითმმართველობა ავანსად გაცემული თანხების დაბრუნებას დამზღვევი კომპანიების მხრიდანაც ცდილობს. აღმაშენებლის ქუჩის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა თავის თავზე აიღო “კომპანია მოდერნ სერვის საქართველოს” ფილიალმა, რომელსაც აღებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 24 ოქტომბერს. როგორც მშენებლები ირწმუნებიან, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ძალიან მცირე იყო, სამუშაოს მოცულობა კი დიდი. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ფირმას კონტრაქტის ვადა გაუგრძელდა მიმდინარე წლის 19 იანვრამდე, მაგრამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ისევ შეუწყდა ხელშეკრულება. ამ ფაქტის შესახებ ეცნობა როგორც შესყიდვების სააგენტოს, ისე “მოდერნ სერვის საქართველოს” და მის დამზღვევ კომპანიას, “კავკასიის განვითარების ბანკს.” ეს კომპანია გახლდათ გარანტორი, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში 5%-იანი პირგასამტეხლოს დამატებით დაებრუნებინა თანხები თვითმმართველობის ანგარიშზე. ავანსირების თანხა, რომელიც “მოდერნ სერვის საქართველომ “ მიიღო 760 ათასი ლარია, ეს პროექტის საერთო ღირებულების 50 %-ია, ხოლო სამუშაოთა შესრულების შესახებ არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი მერიასა და საკრებულოში. თვითმმართველობის მხრიდან რამდენიმეჯერ მიმართვის მიუხედავად, გარანტორმა ბანკმა თანხა არ დააბრუნა. თვითმმართველობამ უკვე მიმართა აღმასრულებელს, რომ ამ გზით მოხდეს თანხის დაბრუნება, თუმცა ეს პროცედურები ჯერჯერობით მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესყიდვების სააგენტო, უცნობია. ჩაშლილი კონტრაქტის შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვარიანტი – ან ახალი ტენდერის გამოცხადება და ახალი ფირმის ამ გზით მოძებნა, ან პირდაპირი წესით გადაცემა სხვა კომპანიაზე, რაზეც ნებართვა უნდა გასცეს საქართველოს მთავრობამ. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოებს საფრთხე არ ემუქრება და არც მინიმალური ფინანსური დანაკარგი არსებობს. ტენდერში გამარჯვებული მეორე ფირმა, რომელსაც სტადიონი უნდა აეშენებინა “ნიუ ქონსთრაქშენია”. ამ კომპანიამაც დაარღვია ხელშეკრულების ვადები. თავდაპირველად ფირმამ ავანსის სახით კონტროლირებად ანგარიშზე მოითხოვა პროექტის საერთო ღირებულების 40% ანუ 969 ათასი ლარი. კონტროლირებადი ანგარიში ნიშნავს თანხების მიღებას ყოველგვარი საბანკო-სადაზღვევო გარანტიების გარეშე. ამ რისკზე თვითმმართველობა არ წავიდა, რადგან ჩათვალა, რომ მოთხოვნილი თანხა სამუშაოს არაპროპორციული იყო. აქედან გამომდინარე, “ნიუ ქონსთრაქშენს” თანხის 10%, 227 ათასი ლარი ჩაერიცხა კონტროლირებად ანგარიშზე. ამ თანხის შესრულება ფირმამ წარმოადგინა და მეორე ეტაპისთვის 500 ათასი ლარი მოითხოვა, რაზეც მოთხოვნა გაიგზავნა და რადგან ეს თანხები სახელმწიფო ტრანსფერი გახლდათ, როგორც კი მოხვდა ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშზე, ანუ ათ სამუშაო დღეში, ჩაერიცხა ფირმას. ამის შემდეგ, ფირმამ ერთი 400 ათასიანი და მეორე 300 ათასიანი ავანსის მიღებაზე წარმოადგინა გარანტია 27 და 30 დეკემბერს, კონტრაქტის ვადა კი 31 დეკემბერს იწურებოდა. თვითმმართველობას ამ პერიოდში არ ჰქონდა თანხა ანგარიშზე. თუმცა რომც ჰქონოდა, გაუგებარია, როგორ აპირებდა სამ დღეში “ნიუ ქონსთრაქშენი” 700 ათასი ლარის ათვისებას. ცხადია, კომპანიას, რომელსაც სამ დღეში ვადა ეწურებოდა და უკვე აღებული ჰქონდა ნახევარი მილიონი, ამხელა თანხა აღარ ჩაურიცხეს. ხოლო 2014 წლის მთავრობის ახალი განკარგულებით ჩარიცხა მოთხოვნილი თანხა 13 იანვარს, კონტრაქტს კი ვადა ჰქონდა გაგრძელებული 19 იანვრამდე (?) თვითმმართველობა სანქციების გატარების პროცესშია ამ ფირმასთანაც. გარანტორ სადაზღვევოს “არდი ჯგუფს “ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება პირგასამტეხლოსა და ავანსის თანხების ჩამორიცხვაზე, თუმცა რეაგირება ამ მოთხოვნაზე სადაზღვევომ არ გააკეთა. თვითმმართველობამ მიმართა აღსრულების ბიუროს გამარტივებული პროცედურების დაწყების თხოვნით.
სამუშაოების შეჩერების ძირითად მიზეზად სტადიონის მშენებელი ფირმა ”ევრაზია 73”-ის წარმომადგენელი ვალოდია მსხილაძე თანხების დროულად არჩარიცხვას ასახელებს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა: “თანხა 740 ათასი ლარი, რომელიც გადმორიცხეს, ათვისებულია. ჩვენ მასალების შემოსატანად კიდევ მოვითხოვეთ თანხები. 280 ათასი ლარის სამუშაოს შესრულება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ნოემბერში. მივიღეთ ავანსი და ნოემბრის ბოლოს დაახლოებით სამასი ათასი ლარის შესრულება გვქონდა. ახლა შემოტანილია მასალები, სამუშაოები, რა თქმა უნდა შესრულებულია, მაგრამ ის მასალები სრულყოფილად არ გვაქვს და დაუფინანსებლობის გამო სამუშაოები გაჩერდა. ველოდებით დოკუმენტაციას. როგორც გადაწყდება იმის მიხედვით დაიდება ხელშეკრულება. იქნება დაფინანსება, დავუძახებთ იგივე მუშათა ჯგუფს. თანხები რომ დროულად მიგვეღო, გადავდიოდით 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე და დამატებით დასაქმდებოდა 50-60 კაცი. ტენდერების დაგვიანებამ და ხანმოკლე პერიოდმა გამოიწვია ეს ყველაფერი. თუ იქნება კეთილი ნება, რომ ხელშეკრულება გაგრძელდეს, მაქსიმალურად მოკლე დროში ობიექტს დავამთავრებთ და ჩავაბარებთ“.
ჩვენ დავათვალიერეთ სტადიონი, სადაც მხოლოდ ამოთხრილი ორმო, ჩასხმული ფუნდამენტი და გაჩერებული ტექნიკა ვნახეთ. ადგილზე მყოფი რამდენიმე მუშა პირად საუბრებში უკმაყოფილებას არ მალავდა. ამბობენ, რომ რაც მუშაობენ, ხელფასი არ აუღიათ. 2014 წელს კი საერთოდ არ უმუშავიათ. დილაობით მოდიან, ამოწმებენ ტექნიკას და ტერიტორიას და მიდიან. პასუხს კითხვაზე, როდის განახლდება სამუშაოები, არავინ სცემს.
ქალაქის მთავარი არქიტექტორი ილარიონ მელქაძე ამბობს, რომ ფირმებმა სამუშაოთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულეს: “ტროტუარის მშენებელმა ფირმამ გადავადების მიუხედავად, ვერ შეასრულა სამუშაო. მათ წარმოადგინეს საბუთი ჰიდროგრაფიიდან უამინდობაზე, რაზეც გადაუვადდათ 20 დღე, თუმცა ამ დროშიც ვერ მოახერხეს საქმის დამთავრება. რაღაც სამუშაოები დაწყებულია, დაყრილია ხრეში, ჩასხმულია ფუნდამენტები, მაგრამ არ წარმოადგინეს დოკუმენტი, ამიტომ ოფიციალურად შესრულება აქვთ ნული. ჩვენმა სამსახურმა მიმართა მერიასა და საკრებულოს და ტარდება სანქციები. რაც შეეხება სტადიონს, იქ შესრულებულია 271 ათასი ლარის სამუშაო. ეს არის მიზერული ნაწილი. ფირმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეტი შეასრულეს, მაგრამ წარმოდგენილი ჯერჯერობით მეტი არ არის. თუ საქმე ბოლომდე არ მივიდა, არ ითვლება შესრულებად. ამ პროექტში იგულისხმება ტრიბუნების, გასახდელებისა და სხვა დამხმარე სათავსოების კეთილმოწყობა, ხოლო რაც დღემდე გაკეთებულია, სამუშაოს საერთო მოცულობის მხოლოდ 14%-ია“.
მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულხან თოლორდავა როგორც ამბობს: “თვითმმართველობას ყველა იურიდიული პროცედურის გავლით დოკუმენტაცია გამართული აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმალური ფინანსური დანაკარგი მივიღოთ. პროცედურები ტარდება. მართალია, მოხდება დროში განწილვადება, მაგრამ სამუშაოებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გაგვაჩნია მორალური დანაკარგი, რომ საქმე არ არის გაკეთებული. როცა ცხადდება ტენდერი, იქ გაწერილია ყველა ვადა, რომელიც აქვს წაყენებული თვითმმართველობას ამა თუ იმ ტენდერის პირობებში. როდესაც კონტრაქტორი იღებს ვალდებულებას, თუ ის კეთილსინდისიერია, ყურადღებით უნდა გაეცნოს არა მარტო ფასსა და მოგებას, არამედ ვადებსაც. იმის მტკიცება ვინმეს მხრიდან, რომ თანხები არ მისცეს და ამან დააბრკოლათ, აბსურდია. როცა საქმე გვაქვს ამხელა ტენდერებთან, რა თქმა უნდა, ფედერალური მთავრობაც და თვითმმართველობაც ითვალისწინებს გარკვეულ ავანსირებას, ეს აპრობირებული მეთოდია, მაგრამ რაც დღეს მივიღეთ, ამას ვერსად გავექცევით. თვითმმართველობა ატარებს ქმედით ღონისძიებებს და იმედია, მალე დასრულდება“.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კონტრაქტორ ფირმას “მოდერნ სერვის საქართველოს” და “ნიუ ქონსთრაქშენს” დაეკისრათ ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმის გადახდა. ეს ვადები არის 19-დან 29 იანვრამდე. ჯარიმების ამოღების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა. როგორც გავარკვიეთ, ნაწილი ჯარიმებისა შეიძლება შესრულებით გაიქვითოს, რომელიც ჯერ აქვთ ფირმებს წარმოდგენილი, ნაწილზე კი დავა გაგრძელდება. “მოდერნ სერვის საქართველო” დავობს სასამართლოში ჯარიმების ოდენობაზე. ეს თანხა დაახლოებით 164 ათასი ლარია. 28 მარტის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით სტადიონის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ნიუ ქონსთრაქშენს” უკვე შეუწყდა ხელშეკრულება. მის მზღვეველ კომპანია არდი ჯგუფს კი დაევალა პირგასამტეხლო თანხის 613 ათას 500 ლარის გადახდა, რის შემდეგადაც ხელახლა გამოცხადდება ტენდერი და აღდგება სამუშაოები სტადიონზე.
სად გაქრა ასობით ათასი ლარი გაუგებარია. უკვე ცნობილია, რომ საქმესთან კავშირში მყოფი პირები შესაბამის უწყებაში დაიბარეს. სად მარხია ძაღლის თავი და ვინაა ამ საქმის სათავეში, ჯერჯერობით გაურკვეველია. ერთი რამ ფაქტია, გაქრა საკმაოდ სოლიდური თანხა, საქმე კი არ გაკეთდა. ხალხი მოტყუებული დარჩა. მოხრეშილი ტროტუარით გაურკვეველი ვადით დარჩა ქალაქის მთავარი ქუჩა და არარსებული ინფრასტრუქტურის გამო სხვის სტადიონზე თამაშობენ ფოთელი ფეხბურთელები. სანამ ერთმანეთისთვის გადაბრალების რეჟიმში მტყუან- მართალი გაირკვევა, ფოთელებს ისევ შუა გზაზე სიარული, ხოლო უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსის მქონე ფეხბურთის გუნდს, რომელსაც დიდი ზეიმით მიულოცეს ასი წლის იუბილე ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთისა და ქობულეთის სტადიონებზე საშინაო მატჩების ჩატარება მოუწევთ.