კვი. დეკ 6th, 2020

ფოთში თამარ მეფის #52 –ში ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ.

6 წლის წინ აქ დევნილები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ნაწილი გადაიყვანეს ახალ დასახლებაში. გამონთავისუფლებულ ფართებში კი სოციალურად დაუცველები შეასახლეს და 13 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ფართი, დანარჩენი 5 ოჯახი დევნილია და დღესაც კუთვნილი ფართის მიღებას ელოდება.

როგორც ისინი ამბობენ შემოსახლების პერიოდშიც ამორტიზირებული იყო შენობა და რეაბილიტაციას საჭიროებდა, მაგრამ მის მერე წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ადგილზე მისულებს მართლაც სავალალო მდგომარეობა დაგვხდა. მათი თქმით:

,,გამოსაცვლელია სახურავი, შენობის ფასადი მთლიანად შესაცვლელია, უკანა აივანი ჩამონგრევის პირასაა, ჭერიდან ბათქაში ცვივა და ყოველწუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს. ამ სახლში ძალიან ბევრი ჩვილი ბავშვი ცხოვრობს და ასეთ პირობებში განა შესაძლებელია ცხოვრობდე? მაგრამ სად წავიდეთ წასასვლელი არსადა გვაქვს. გაუმართავია კანალიზაციის სისტემაც, ელექტროსადენებიც გამოსაცვლელია, ისე გადახლართულია ერთმანეთში, რომ შეიძლება ხანძარი გაჩნდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ თხოვნით გაეწიათ დახმარება შენობის გადახურვაზე და ფასადის შეცვლაზე, მაგრამ ამაოდ. არჩევნების წინ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვპირდა გარემონტებას, ოღონდ ხმები მიგვეცა მათვის, მაგრამ არჩევნებმა ჩაირა და დაპირება დაპირებად დარჩა. საარჩევნოდ კი კარგად არიგებენ დაპირებებს”.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შენობის რეაბილიტაცია მათ ფუნქიებში არ შედის.

ყოფილი სტამბის შენობაში შესახლებულებმა ქონების მართვის სამინისტროსთან შუამდგომლობის გასაწევად დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართეს.

მარი ჯავახია, ფოთი