სამ. სექ 22nd, 2020

ახალგაზრდა ინდმეწარმე, აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად ფოთში მცხოვრები იაგო გადელია გერმანიიდან დაგვიკავშირდა და თავის პრობლემებზე გვიამბო. როგორც ის გვიყვება გასული წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მისი საქმე და დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით (სამი და ორი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, თუმცა საქართველოს სსკ-ის 63-64 –ე მუხლების საფუძველზე აღნიშნული განაჩენი საბოლოოდ პირობით სასჯელად 4 წლის გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს.

ამავე დროს, გადელიას საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეეცვალა მუდმივი ბინადრობის ადგილი. როგორც იგი გვეუბნება, მოხდა ისე, რომ გლდანის ციხეში რამდენიმეთვიანმა პატიმრობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად გააუარესა, რის გამოც მიმდინარე წლის 13 მარტს პრობაციის ბიუროს მიმართა განცხადებით და ითხოვა საზღვარგარეთ ერთი თვით გამგზავრების ნებართვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. გერმანიაში გადელიას რამდენიმეთვიანი მკურნალობა დასჭირდა, შესაბამისად, ნებადართული ერთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მსჯავრდებული ვერ დაბრუნდა საქართველოში. ამის გამო პრობაციის ბიურომ სასამართლოს მიმართა წარდგინებით, რომლითაც ითხოვდა გადელიას მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას.

როგორც სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ 2 სექტემბერს ფოთში გამართულ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულის ადვოკატმაც განმარტა, გადელიას გერმანიის კლინიკაში საცდელი მეთოდებით მკურნალობის აუცილებლობის ფაქტი. ადვოკატი იქვე ადასტურებს, რომ ეს ოფიცილურად შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან, მისი დასაცავი პირი შეყვანილია სპეციალურ პროგრამაში და მიმდინარეობს ამ პროგრამის განხორციელება.

ფოთის სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე არ დააკმაყოფილა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება. როგორც ჩანს, ფოთის სასამართლოს განჩინება დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროსთვის და მათ ახალი წარდგინებით ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული წარდგინებით ითხოვდნენ პოლიციის ორგანოების საშუალებით ძებნის გამოცხადებას. თბილისის საქალაქო სასამართლო 29 სექტემბერს გაიმართა, სადაც მოსამართლე გიორგი არევიძემ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს უფროსის შოთა ცირდავას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გამოცხადდა გადელიას ძებნა პოლიციის ორგანოს მეშვეობით.

იაგო გადელია სატელეფონო საუბარში როგორც გვეუნება:

,,ჩემს წინააღმდეგ ასეთ დაჟინებულ, მე ვიტყოდი, დევნას პირად ინტერესებს მივაწერ. როცა დამაკავაეს, მაშინ ვეჭვობდი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირადი და ბიზნესინტერესია, თუმცა, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვინ დგას ამის უკან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, პარლამენტარის, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ ეკა ბესელიას მხარდაჭერა და თანადგომა ჩემს მიმართ. რომ არა ეკა ბესელიას უანგარო და გულწრფელი დახმარება, ადამიანური დამოკიდებულება ახლა შესაძლოა, ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. მე არ ვეთანხმები ჩემს მიერ განაჩენის შეცვლის გადაწყვეტილებას. საქართველოს გარეშე ცხოვრებას არ ვაპირებ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარ გერმანიაში და როგორც კი გამოვჯანმრთელდები, დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. ღრმად მწამს, რომ სიმართლე არ დაიკარგება და გავიმარჯვებ”.