ორშ. სექ 28th, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სოფელ მუხურში ბიზნესფორუმი ,,ჩხოროწყუ 2015“ გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორი ლევან შონია, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და 70-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა.

ფორუმის გამართვის მიზანს, სამეგრელოში ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება და მათი ინფორმირება წარმოადგენდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ფორუმზე მონაწილეებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა ბიზნესფორუმზე ასევე წარადგინა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამეგრელოში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაციაც და სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონში საინვესტიციო პოტენციალსაც გაუსვა ხაზი.

ბიზნესფორუმზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის, ლევან შონიას თქმით რეგიონის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე განცხადებით, რეგიონში უკვე დაწყებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტის განხორციელება.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ ჩხოროწყუში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე და ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა. გამგებლის განცხადებით მსგავსი ფორუმების გამართვა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ფორმუმზე მეწარმეებმა რამდენიმე საინვესტიციო შეთავაზებაც კი წარადგინეს.