კვი. სექ 27th, 2020

მალთაყვაში, გურიის ჩიხში მდებარე ორსართულიან სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს.აქ მაცხოვრებლებს უმძიმესი სოციალური პრობლემები გააჩნიათ,მაგრამ უმთავრესი უმისამართობა გახლავთ.

აღნიშნული შენობა რეგისტრირებული არსადაა და არავის ბალანსზე არ ირიცხება.ორსართულიან სახლში მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არ აქვთ არც გაზი,არც წყალი და არც შუქი.ეს უსახლკარო ადამიანები წლების წინ შესახლდნენ აქ.

„ რამდენი წელია,ასეთ მდგომარეობაში ვართ.ზაფხულში არა გვიშავს,რადგან შეშა არ გვჭირდება,გვიან ღამდება და მზის შუქი გვაქვს.განათებული ქუჩიდანაც შემოდის შუქი.შენობა არავის ბალანსზე არაა,ამიტომაც ვერ შემოგვყავს შუქი,წყალი და გაზი. ზოგჯერ სასწრაფო დახმარება გვჭირდება და მისამართს ვერ ვეუბნებით,რადგან არ გვაქვს.უჭირთ ჩვენი მოგნება.არ ვიცი, როდემდე უნდა ვიყოთ ასე?ფოთის მერიც იყო მოსული.მას ამ შენობის არსებობის შესახებაც არ ცოდნია.დახმარებას დაგვპირდა“- გვიყვებიან აღნიშნული სახლის ბინადრები.

მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მალხაზ თუთბერიძეც გვიდასტურებს აღნიშნული შენობის დაურეგისტრირებლობას და იმას,რომ შენობა არავის ბალანსზე არ არის.კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ გააჩნია.

მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად შუბითიძემ ჩვენგან გაიგო ამ შენობის შესახებ,რადგან გვითხრა,რომ საკითხს არ იცნობს,არავის მიუმართავს მისთვის არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

ინგა გვასალია, ფოთი