“ჩვენ მუქარების არ გვეშინია…” — მუქარის ზარი რედაქციაში

Photo-0022

გაზეთ ,,მთავარი თემა სამეგრელოში”-ს #9 ნომერში ფოთში მდინარე რიონზე მდებარე ჰიდროკვანძის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ადამიანების პრობლემაზე ვწერდით. ისინი ორი თვის ხელფასს ითხოვდნენ, დაახლოებით ერთი თვე სამუშაოებიც შეჩერებული ჰქონდათ. ჰიდროკვანძზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულნი იყვნენ ძირითადად ადგილობრივები პატარა ფოთიდან. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ერის იმედი” ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ, ხიდზე მომუშავეები დაგვიკავშირდნენ გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“ და msnews.ge. და გვთხოვეს, დავინტერესებულიყავით არსებული ზემოთ აღნიშნული პრობლემით. ჩვენც ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას, გავესაუბრეთ მუშებს და კონკრეტული ობიექტის საქმეთა მწარმოებელს, როგორც თავად წარგვიდგინა თავი — გიორგი ბეჟაშვილს, რომელმაც თავის მხრივ დაგვიდასტურა ხელფასების გაუცემლობა, რაც კომპანიაში შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა. მან პირობა მისცა მუშებს, რომ „ორშაბათამდე“ გამოსწორდებოდა აღნიშნული ხარვეზი და თანხები ჩაერიცხებოდა მუშებს. მათ შეასრულეს თავიანთი პირობა და შესაბამისად სამუშაოებიც გაგრძელდა, თუმცა სხვა მუშათა ჯგუფით. რათქმაუნდა, ამ ფაქტსაც გამოვეხმაურეთ და კეთილსინდისიერად გავაშუქეთ, დავწერეთ გაზეთის ვებპორტალზე msnews. ge-ზე, რადგან გაზეთის შემდეგი ნომერი ერთი კვირის შემდეგ გამოდიოდა. (თუმცა აქაც შესაბამისად ვაპირებდით გაშუქებას სტატიის გამოსვლის შემდეგ მიღებული რეაგირების შესახებ).

ჩვენდა გასაკვირად, გაზეთის მომდევნო ნომრის გამოსვლამდე რედაქციაში გაისმა მუქარის შემცველი ზარი ვიღაც ვახტანგ კირკიტაძისგან, რომელმაც თავი წარმოგვიდგინა როგორც ზემოთაღნიშნული ობიექტის საქმეთა მწარმოებელმა. მან რედაქცია და კონკრეტულად სტატიის ავტორი (თეკლა მატკავა) ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ამის გამო ოფიციალური ბოდიშის მოხდაც მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში — `თორემ აგერ ნახავთ რაც დაგემართებათო”. აღნიშნულ პიროვნებას თავი არ შეუწუხებია პრეტენზია ზრდილობიანად გადმოეცა ჩვენთვის, ის კატეგორიული ტონითა და გონორით ითხოვდა ჩვენგან ბოდიშის მოხდას. ჩვენ მისგან განსხვავებით ვინარჩუნებთ ზრდილობიან ტონს და მივმართავთ — უკაცრავად, მაგრამ, თუ თქვენ ბრძანდებით საქმეთა მწარმოებელი, რატომ არ იმყოფებოდით აღნიშნულ ობიექტზე და რატომ არ გიცნობდათ თქვენს მიერ დაქირავებული მუშები?! ამის გარკვევა შესაძლოა ჩვენს კომპეტენციაში არ შედიოდეს, მაგრამ უპირობოა, რომ თქვენ არანაირი უფლება გაქვთ ჟურნალისტს მუქარის ტონით ესაუბროთ, მითუმეტეს, როდესაც სტატიაში ნათლადაა ასახული პრობლემა და ამ პრობლემის ირგვლივ დაინტერესებული მხარეები. კითხვა მეორე – როგორც თქვენ ამბობთ, ჩვენ ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ, გეკითხებით რატომ არ გასცა იმ კითხვებს პასუხები და რატომ არ უარყო ის ბრალდებები საქმის მწარმოებელმა (როგორც თავად გაგვეცნო და რაზეც მუშებმაც მიგვითითეს) ბეჟაშვილმა, როცა ჩვენი იქ ყოფნისას მუშებმა მას დაუსვეს და დაადანაშაულეს. კითხვა მესამე – ამბობთ, რომ თქვენ ობიქტზე ყველაფერი წესრიგში გქონდათ და არანაირი პრობლემა არ არსებობდა. არადა ადგილზე მისულებს სულ სხვა სურათი დაგვხვდა. ბატონო კირკიტაძე გეკითხებით მაშინ საიდან იყვნენ ის მუშები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ? შეიძლება ისიც კი დაგვაბრალოთ, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ეს ადამიანები და პრობლემებზე ჩვენ ავალაპარაკეთ.

მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ იყოს ყველაფერი, მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველადი ინფორმაცია მივიღეთ დაზარალებული მუშებისგან და არა ერთი რომელიმე კონკრეტული მუშისგან, როგორც სატელეფონო საუბრისას ჯიუტად გვაბრალებდა კირკიტაძე. მისი მტკიცებით, თითქოს ერთი მუშა ითხოვდა ხელფასს. ამ მუშებთან ერთად გავესაუბრეთ საქმის მწარმოებელს, გიორგი ბეჟაშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ გავმეორდები, თავის მხრივ დაგვიდასტურა ხელფასების გაუცემლობა, რაც კომპანიაში შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა. შეხვედრის შემდეგ არაერთხელ დავურეკეთ თავად კომპანიის დირექტორ ირაკლი კოკაიას, რომელმაც არ გვიპასუხა ზარებზე. ამის შემდეგ ვესაუბრეთ დამკვეთ კომპანიასაც, მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელს გენო ლოლუას, რომელმაც თავის მხრივ დაგვიდასტურა კონტრაქტორ კომპანიაში არსებული პრობლემა. თან განგვიმარტა, რომ დამკვეთ კომპანიას არ აქვს უფლება ჩაერიოს ასეთ საკითხებში, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იცოდა ხელფასების გაუცემლობის ფაქტი. როგორც თავად გვითხრა ოფისში მისულა რამდენიმე ადგილობრივი დასაქმებული და პრობლემების შესახებ უამბია.

კიდევ ერთხელ გვსურს ვიკითხოთ–ბატონო კირკიტაძე, რატომ მაინცდამაინც თქვენ არ იცოდით ხელფასების დაგვიანების ფაქტი, მით უმეტეს, რომ ამას თან დაერთო სამუშაოს შეჩერება, ნუთუ თქვენ, სამუშაოს მწარმოებელი, არ დაინტერესდით იმით, რომ სამუშაო პროცესი შეჩერებული გახლდათ და მუშები არ იმყოფებოდნენ სამუშაო ობიექტზე. ერთ რჩევასაც მოგცემდით, რედაქციაში მუქარით დარეკვის ნაცვლად, ხომ არ აჯობებდა, გაერკვეთ თქვენს საქმიანობაში და დაკისრებულ საქმეს მიხედოთ.

ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ “მთავარი თემა სამეგრელოში” წლებია რეგიონს პასუხისმგებლობითა და ერთგულად ემსახურება და აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტი გახლავთ თავის საქმის პროფესიონალი, რომლებიც პირნათლად იცავენ ობიექტურობას, მიუკერძოებულობას და ჟურნალისტურ ეთიკას.

და კიდევ, ბატონო ვახტანგ, შეხვედრის თითოეული კომენტარი, როგორც აუდიო, ისე ვიდეო და ფოტომასალა, რედაქციაში ინახება, სადაც ყველაფერი ნათლადაა ასახული და გვინდა გითხრათ, რომ მუქარების ჩვენ არ გვეშინია, რადგან მითუმეტეს საბოდიშო არაფერი გაგვიკეთებია. და, რომც ეგრე იყოს მერწმუნეთ, თითოეულ ჩვენთაგანს შესწევს იმის უნარი, რომ შეცდომაზე ბოდიში მოიხადოს.


კომენტარები სტატიაზე