ფოთში არჩევნებს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება

screenshot_1

საპარლამენტო არჩევნებს ფოთში ექვსი ადგილობრივი არასათავრებო ორგანიზაცია დააკვირდება – ,,ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“,
,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“, ,,სამოქალაქო განვითარებისა და ადმიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“- ასოციაცია ,,თავისუფალი თაობა“, ააიპ ,,ქალაქი ადამიანთა ერთობა“და ააიპ ,,ალიანსი ოქროს საწმისი“. არასამთავრებო ორგანიზაციები ფოთში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა სწორედ წინასაარჩევნოდ შეიქმნა.

ააიპ-ები ,,ქალაქი – ადამიანთა ერთობა“ და ,,ალიანსი ოქროს საწმისი“ 2013 წელს დარეგისტრირდნენ. ორივე არასამთავრობო ერთი ორგანიზაციის მიერაა შექმნილი. ,,ქალაქი – ადამიანთა ერთობა” ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორ, თეა ბელქანიას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მაჟორიტარი კანდიდატობის დროს გახსნილი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ და როგორც ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციაა ფოთში: ,,ბადალი არ გვყავს, იმდენად ძლიერი ორგანიზაცია ვართ”. ააიპ-ები ,,ქალაქი – ადამიანთა ერთობა“ და ,,ალიანსი ოქროს საწმისი“ 2016 წლის არჩევნებზე ყველა უბანზე ორ-ორ დამკვირვებელს წარადგენენ. თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნივერსალური ბარათის მეშვეობით ყველა უბანს შეძლებისდაგვარად დააკვირდება. ორგანიზაცია 2012 წლიდან სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერია, თუმცა, როგორც ხელმძღვანელები გვეუბნებიან, არჩევნებს, როგორც არასამთავრებო ორგანიზაცია, ისე დააკვირდება და არავის ინტერესებს არ დაიცავს.

,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ შედარებით ახალგაზრდა ორგანიზაცია და დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. ორგანიზაცია 2015 წლის იანვარში დარეგისტრირდა და ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მონიტორინგი გახლავთ. თავმჯდომარე, სულხან თოლორდავა წინა ხელისუფლების დროს, საფინანსო სამსახურის უფროსი იყო, დღეისთვის ფინანსთა დარგში მერის მრჩეველია. თოლორდავას განმარტებით, არც ერთი პარტიის სასარგებლოდ არ აპირებს მუშაობას და ჯერჯერობით არც ის აქვს გარკვეული, რა ფორმით გაუწევს მონიტორინგს არჩევნებს: ,,ფართო მასშტაბით არ ვიქნებით წარმოდგენილნი არჩევნებზე, გადაწყვეტილი არ გვაქვს, რამდენ უბანზე მოხდება მონიტორინგი, დამკვირვებელი კანდიდატების ასარჩევად კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, გამოცდილი ხალხი გვყავს, რომლებიც შეეცდებიან მონიტორინგი სამართლის სრული დაცვით განახორციელონ. იმ დღის განვითარებული მოვლენები გვაჩვენებენ, ყველაზე საინტერესო უბანი სად იქნება, ჩემი აზრით კი, ყველაზე საინტერესო საოლქო იქნება“.

,,სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ როგორც არასამთავრებო ორგანიზაცია 2013 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარინა წულეისკირი ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი და ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. როგორც არასამთავრებო ორგანიზაცია, პირველად დააკვირდება არჩევნებს: ,,ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია არჩევნების დაკვირვებაა. ორგანიზაცია საარჩევნო უბნების გარეთ დააკვირდება ამომრჩევლებს, რადგან კარუსელის ჩატარების ალბათობა გარეთ უფრო მაღალია. ორგანიზაციამ ასევე ჩაატარა გამოკითხვა და მინდა გითხრათ, რომ შედეგები სავალალოა. ხალხში გამეფებულია შიშის სინდრომი, ვაითუ სახელისუფლო გუნდი გავანაწყენოთო. ჩვენ მოვუწოდებთ, მთავარია, ამომრჩეველმა თავისი სამოქალაქო ვალი მოიხადოს და მივიდეს არჩევენბზე. იქ კი, კაბინაში, თავისი სასურველი არჩევანი გააკეთოს. ვამუშავებთ კანონპროექტს, სადაც არჩევნებზე მისვლა სავალდებულო იქნება, რომლის დამტკიცების შემდეგ გაყალბების რისკებიც დაბალი იქნება“.

,,ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ 2014 წელს დაფუძნდა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახლავთ, შესაბამისად, მონაწილეობენ ანგარიშების განხილვაში, ამ სფეროში არსებული პრობლემების გაცნობასა და ანალიზში. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა ადამიანის უფლებები, არჩევნებისა და თვითმმართველობის მონიტორინგია. როგორც ორგანიზაციის ხელძღვანელი, შალვა სარდალიშვილი ამბობს, ჩართულნი არიან საზოგადოებრივ აქტივობებში: ,,გამგეობის წევრებმა დავწერეთ ანალიტიკური დოკუმენტი – ფოთის განვითარების სტრატეგიული ხედვა, ასევე ფოთის პროლემები და საჭიროებები. არჩევნებზე ჩვენს ორგანიზაციას ყველა ოლქში ეყოლება დამკვირვებლები“. სარდალიშვილი ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატის ირაკლი ხახუბიას ახალგაზრდულ საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობს.

არჩევნებს ასევე დააკვირდება 30 საერთაშორისო ორგანიზაცია, 26 ტელეკომპანია და საქართველოში რეგისტრირებული 45 არასამთავრებო ორგანიზაცია.

ივეტა პაჭკორია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


კომენტარები სტატიაზე