ფოთელი კანდიდატების შეხედულება და დაპირებები ნავსადგურის თემაზე

foti_9cb1f

საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროის მიუხედავად, ფოთის 15 მაჟორიტარი კანდიდატიდან საარჩევნო კამპანია მხოლოდ რამდენიმემ დაიწყო.
კანდიდატთა დაპირებები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

საპორტო ქალაქისადმი მიდგომაც თითქმის ერთნაირია; ერთხმად თანხმდებიან ფოთის სტატუსის მინიჭებაზე. დღეისათვის ყველაზე აქტიური თემა, საკონტეინერო ტერმინალების შესაძლო დახურვა, რომლის შემდეგ, 5000-ამდე ადამიანი უმუშევარი დარჩება.

,,ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“-ს მაჟორიტარი კანდიდატი, თენგიზ ჩაკვეტაძე სწორედ მონოპოლიების შეზღუდვაზე საუბრობს: ,,ჩემი არჩევის შემთხვევაში, ფართო საზოგადოების ჩართულობით, ქალაქს განესაზღვრება სტატუსი. ლობირებას გავუწევ მონოპოლიების შეზღუდვას, რათა საკონტეინერო ტერმინალებმა გააგრძელონ კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა. მოვითხოვ, ბიზნესში ეკონომიკურ ამინისტიას და ლიბერლიზაციას, რესტრუქტურიზაციას”.

,,პატრიოთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატის, ფრიდონ კვარაცხელიას თქმით, ,, პორტიდან შემოდის მხოლოდ მიწის გადასახადი, ეს არის უსამართლო განაწილება. მე მაწუხებს ჯანმრთელობის გაუარესების თემა, კერძოდ, ფოთში მომატებულია ზოგადად ონკოდაავადებები, განსაკუთრებით კი ფილტვების, რომელსაც პორტიდან ალუმინის ოქსიდის შემოსვლა იწვევს. უნდა ვაიძულოთ პორტი, რომ ალუმინის ოქსიდი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეფუთული ფორმით შემოიტანონ”.

„რესპუბლიკელი კანდიდატი“ ლელა ებრალიძე, მიიჩნევს, რომ პორტი იქნება ქალაქის ნაწილი, როდესაც ის განახორციელებს სწორ პოლიტიკას ბიზნესის მიმართ.,,გაუგებარია ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც ერთ ნაწილში ინვესტორების მოზიდვაზეა საუბარი, მეორე ნაწილში კი, პორტს ავიწროებ. ეს არის კერძო სტრუქტურა. ცუდ მდგომარეობაშია ფოთის გადამზიდავი კომპანიები, მაგრამ ეს არ არის მერიის პრეროგატივა. ბიზნეს არეგულირებს ბაზარი.”

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ხახუბია, წინა მთავრობას პორტის არასწორად გასხვისებას ახსენებს. ,,პორტი არ უნდა გაყიდულიყო, 2 მილიარის ღირებულების ობიექტი 110 მილიონად გაიყიდა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს ვიზამ იმისათვის,რომ ადამიანები უმუშევარი არ დარჩნენ, თითეულ მოქალაქეს დავუდგები გვერდით.“

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ბასილაია პორტის გასხვისებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ ამ შეთანხმებით ბიუჯეტში საკმაო თანხა შევიდა.,,პორტი ფოთის არასდროს ყოფილა, ის სახელმწიფო საკუთრება იყო. მისი გასხვისებით, მილიონობით ლარი შევიდა ბიუჯეტში. ამავე დროს, გასხვისების შემდეგ ხომ არ დახურულა?! ის ფაქტი, რომ სამუშაო ადგილები მცირდება, არ არის ახალი, უნდა გაჩნდეს სხვა ალტერნატივა, რომ ხალხი უმუშევარი არ დარჩეს.“

,,ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ ხარჩილავა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და არსებული პრობლემების შესახებ ფოთელების ხელმოწერების შეგრობას აპირებს: ,,სამთავრობო დონეზე უნდა მოხდეს საკითხის მოგვარება. ფოთის მოსახლეობაში უნდა შეგროვდეს ხელმოწერები 50 +1 ფორმატით, რომ ეწინააღმდეგებიან მონოპოლიზაციას. მე ამ საკითხს პარლამენტში საკანანამდებლო დონეზე დავაყენებ და ყველანაირად დავიცავ იმ ადამიანებს, რომლებიც მონოპოლიის გზით კარგავენ სარჩოს.“

ვინ საიდან მოდის

“ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ხახუბია, განათლებით ეკონომისტია. 2003-2004 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში მუშაობდა. მოგვიანებით, კერძო ბიზნესით დაკავდა. დღეისათვის, რამდენიმე კომპანიაში აქვს წილი. ხახუბიამ 2012 წელს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შესწირა.

,,ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა პროფესიით სამართალმცოდნეა. წლების მანძილზე
,,შპს ,,ეგრისი პლიუსის“ გენერალური დირექტორი იყო, 2013 წელს კი, მერის თანაშემწე კულტურის საკითხებში. 2014 წლიდან დღემდე საკრებულოს წევრია.ის 2014 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეც გახლდათ.

,,ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“-ს მაჟორიტარი კანდიდატი თენგიზ ჩაკვეტაძე პროფესიით ინჟინერ – ეკონომისტია, კანდიდატობამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. მისი პარტიული მოღვაწეობა სამ წელს ითვლის.

„რესპუბლიკელი“ კანდიდატი ლელა ებრალიძე, პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობდა არასამთავრებო ორგანიზაციებში, საქართველოს ანტიკორუციული ბიუროში, საქართველოს რკინიგზაში, თბილისის მერიისა და საკრებულოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად, 1999 წელს სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი პირველი დეპუტატობის კანდიდატი ქალი იყო.

,,პატრიოთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ფრიდონ კვარაცხელია პროფესიით ექიმია, პოლიტიკაში ეროვნული მოძრაობიდან მოვიდა, თუმცა აქტიურად 2012 წლის არჩევნებიდან არის ჩართული.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ბექა ბასილაია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მუშაობდა პროკურატურაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელად ფულის გათეთრების საკითხებში. 2012 წლის შემდეგ, საადვოკატო საქმიანობას ეწევა, არის თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატი.

შეფასებები

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტის, ნინო ლომჯარიას აზრით, დეპუტატების დაპირებები სცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს. „მაჟორიტარი დეპუტატი არა მარტო ერთი ქალაქის ან რეგონის, არამედ მთელი საქართველოს წარომამდგენელია. ხშირად ადგილობრივი თვითმართველობის ფუნქციებში იჭრებიან, რითაც შეცდომაში შეჰყავთ ამომრჩეველი“.

ივეტა პაჭკორია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


კომენტარები სტატიაზე